ის უპრეცედენტო ზომები, რაც მიიღეს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ - ორმაგი პატიმრობა, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ფავლენიშვილის თქმით, თავისუფლების დიდი ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით,
“ის უპრეცედენტო ზომები, რასაც იღებენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ორმაგი პატიმრობა, რასაც ანალოგია არ აქვს საქართველოს ისტორიაში, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს - ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის. მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის გამარჯვების უტყუარი ფორმულა და მან კარგად იცის, რომ ეს თავისუფლების დიდი ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ამის მას ეშინია, მაგრამ 26 ოქტომბერს ის აუცილებლად დამარცხდება და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს საქართველოს გამარჯვებას თბილისის ქუჩებში.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.