გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დარწმუნებულია, რომ გერმანიაში აშშ-ის შორი მანძილის რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება.
"იმედის პრინციპი ვერ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან", - ციტირებს ბერბოკის სიტყვებს გამოცემა "დოიჩე ველე".
ბერბოკის თქმით, გერმანიის დაცვის ნაწილია ის ინვესტიციები, რომელსაც ბერლინი ახორციელებს "საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში", როგორც ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე.
"ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში აშშ-ის შორი დისტანციის იარაღის განლაგების შესახებ", - ამბობს ბერბოკი.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიას სჭირდება "სანდო შემაკავებელი" რუსეთის წინააღმდეგ.
"ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები - პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი, "რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და განიცადეს ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი ბოლო თვეებში", - აღნიშნა მინისტრმა.
ბერლინის და ვაშინგტონის შეთანხმება იარაღის განთავსებაზე
ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ ნატოს ევროპელი პარტნიორების დაცვის გაძლიერების, 2026 წლიდან შეერთებული შტატები გერმანიაში დროებით განათავსებს Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებსა და სხვა შორი დისტანციის სისტემებს. გარდა ამისა, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნახსენებია SM-6 საზენიტო რაკეტები და ჰიპერბგერითი იარაღის ახალი ტიპები, რომლებსაც აქვთ "მნიშვნელოვნად უფრო დიდი დიაპაზონი, ვიდრე ევროპაში არსებულ სახმელეთო სისტემებს".
კრემლი უმალ გამოეხმაურა შეთანხმებას და განაცხადა, რომ რუსეთს "საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად".
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას მოუწევს თავის სამიზნედ განსაზღვროს ის ადგილები, სადაც ეს იარაღი განლაგდება.