ბუდუ ზივზივაძემ 2024/25 წლების სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის შეხვედრაში „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და 30 წლის ქართველი ფორვარდის ჰეთთრიქის წყალობით, 0:2-ის შემდეგ, სამი ქულის მოპოვება შეძლო - 3:2.
მატჩი „კარლსრუესთვის“ ცუდად დაიწყო. 31-ე წუთისთვის ქართველი თავდამსხმელის გუნდი 0:2 მარცხდებოდა.
ზივზივაძემ პირველი გოლი 45+2-ე წუთზე გაიტანა. ბუდუმ „ნიურბერგის“ კარი მეორედ 73-ე წუთზე აიღო, ხოლო თავის გუნდს მან გამარჯვება 79-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა. ფეხბურთელის გერმანულ კარიერაში ეს პირველი ჰეთთრიქია.
ქართველმა თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, „კარლსრუემ“ კი გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა.
"კარლსრუე" მეორე ტურში სტუმრად "დიუსელდორფს" დაუპირისპირდება. მეორე ბუნდესლიგის ეს შეხვედრა 10 აგვისტოს გაიმართება.