აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა და არა ავტორიტარულმა ლიდერმა ნიკოლას მადურომ.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ უამრავი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
„ჩვენ ვულოცავთ ედმუნდო გონსალეს ურუტიას წარმატებულ კამპანიას, ახლა დადგა დრო, რომ ვენესუელის პარტიებმადაიწყონ მოლაპარაკებები მშვიდობიან გარდამავალ პერიოდზე ვენესუელის საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა ბლინკენმა.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამივიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯფუფების მიერ მათი დარბევა.
აქციებზე სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებულია 750-მდე ადამიანი.
ბევრმა ქვეყნამ დაგმო არჩევნების შედეგები, რომელმაც ავტორიტარული ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელაში გამარჯვებულად გამოაცხადა.
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების გაყალბების გამო.
ხოლო ევროკავშირში, Politico-ს ცნობით, უნგრეთმა ვეტო დაადო ერთობლივ განცხადებას, ვენესუელაში არჩევნების შედეგების შესახებ სშეშფოთების გამოხატვასთან დაკავშირებით. უნგრეთმა ამ განცხადებას სიყალბე უწოდა.