საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.