რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი წლის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პროკურატურას უმოქმედობაში და გულგრილობაში ადანაშაულებს.
როგორც პრესკონფერენციაზე ვახტანგ ჩარკვიანის მამამ გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, საქმეზე სამი წელია არასრულფასოვანი გამოძიება ტარდება და არ ხდება საჭირო მტკიცებულებების ამოღება.
ჩარკვიანის თქმით, ორი თვის წინ ჩაბარდათ პროკურატურის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ამოღებულ სერვერებზე ექსპერტიზის კვლევის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 12 დღეში წაიშალა. წაშლის ფაქტს დაზარალებულის ოჯახი საეჭვოდ მიიჩნევს და ფიქრობს, არ წაშლიდნენ მათ საწინააღმდეგო რომ არ ყოფილიყო.
მისივე თქმით, კლინიკის წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები.
"გოფოძემ მომაწოდა სიცრუე მითხრა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა აღნიშნული ჩანაწერები და ვერ მოგაწვდითო. სინამდვილეში, ექსპერტიზამ დაადგინა სხვაგვარად, დაადგინა ის გარემოება, რომ თურმე იწერებოდა, მაგრამ მიზანმიმართულად არის წაშლილი აღნიშნული სათვალთვალო კამერები.... მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები კლინიკის წარმომადგენლებმა", - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, რა კავშირი აქვთ მედიცინის მუშაკებს დამდგარ შედეგთან. მისი თქმით, ამ მიმართულებით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
"როდესაც სამი წელი მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, საუბარი ზედმეტია რაიმე სახის მართლმსაჯულებაზე. ჩვენ ველოდებოდით ორ მნიშვნელოვან დასკვნას, ერთი დასკვნა ეს არის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უკვე დასრულებულია და შედგები არის უარყოფითი, იმ კუთხით, რომ ეს ჩანაწერები არის განადგურებული", - თქვა ადვოკატმა.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კოვიდ-19-ზე მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიება იმავე წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პასუხისგებაში ექთანი თეა ბეგიაშვილია მიცემული, მას მსჯავრი დოკუმენტების გაყალბებისთვის დაედო და წელიწადნახევრიან საპატიმრო სასჯელს იხდის, გირაო აქვს შეფარდებული თერაპიული განყოფილების ყოფილ უფროსს ქეთევან ცერცვაძეს, მას ბრალად ედება გულგრილობა.