თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
„2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი რიტორიკა - ყვავილებით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, ტუჩზე კოცნით იყვნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტი შემოსულიყო. შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ისინი გაუშვა იქ, სადაც გაუშვა, იმიტომ, რომ ამის საბაბი ჰქონდა, მაშინვე შეცვალეს მიდგომა, რიტორიკა, თუ როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში. არადა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გაასხვისეს ისევ იმ ადამიანებმა, რომლებიც ეწინააღმდეგენოდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას, მანამდე კი პირიქით, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კეთდებოდა.
„ნახეთ თუნდაც განცხადებები სანქციებზე მიერთებასთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ისევ ისინი არ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ განცხადებების კეთებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, გვირჩევნია ისევ ბომბები ცვიოდესო? დღეს კვლავ შეცვალეს მიდგომა, რადგან ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა. ხედავთ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ. ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. გაიხსენეთ ის კომენტარები და განმარტებები, თუ რას აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აჩვენეთ საზოგადოებას, გვარამიას კომენტარები ან ნებისმიერი სხვისი, თუნდაც ვაშაძე ავიღოთ. ძალიან მარტივი ანალიზის გაკეთება შეიძლება - დღეს ქვეყანას ჰყავს პროქართული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესს. იმიტომ ვართ ხელისუფლებაში და იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ გავატაროთ ქართული, პრაგმატული პოლიტიკა, სადაც შედის ჩვენი ქვეყნის, ქართული ინტერესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აქვე, თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას ქვეყანაში შემოსული რუსი ტურისტების სტატისტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ყოველთვის მიესალმებოდა.
„თქვენ ეტყობა არ მიგიღიათ „მესიჯი“. ახლა შეცვლილია ეს „მესიჯი“ და თქვენები პირიქით, ემხრობიან რუსი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში. ასე რომ, უნდა მიესალმოთ ამ ყველაფერს. დაურეკეთ თქვენებს და გეტყვიან სწორ, ახალ „მესიჯს“. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ეს არ არის ცუდი. პირიქით, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამაზე კი პროტესტი იყო თქვენი მხრიდან. დღეს რიტორიკა შეცვლილი გაქვთ. ამიტომ, არ უნდა შეგეშალოთ, „მესიჯი“ შეცვლილი გაქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.