26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიხსნება ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 000-ზე მეტი სპორტსმენი 206 ეროვნული ნაკრებიდან, სპორტის 32 სახეობაში.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე, აუსტერლიცის ხიდთან დაიწყება და დასრულდება ტროკადეროში, ეიფელის კოშკის ჩრდილქვეშ.
მდინარე სენაზე 6-კილომეტრიან მარშრუტს 100-მდე ნავით გაივლიან ეროვნული ნაკრებების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები. სენის ორივე სანაპიროზე შეკრებილი ათასობით ადამიანი თვალყურს მიადევნებს უპრეცენდენტო მსვლელობას, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ სტადიონზე იმართებოდა.
ტრადიციის დაცვით, პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს მდინარეზე მსვლელობას, საბერძნეთი იქნება, ხოლო მასპინძელი ქვეყანა, საფრანგეთი ყველაზე ბოლოს გაივლის მარშრუტს.
სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით იასპარეზობენ უკრაინაში გაჩაღებულ ომში მათი ქვეყნების როლის გამო, გახნის ცერემონიალში არ მიიღებენ მონაწილეობას.
ცერემონიალის ფინალურ შოუზე აინთება ოლიმპიური ჩირაღდანი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
პარიზის ოლიმპიადაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს დასრულდება.
პარიზმა ოლიმპიადას ორჯერ (1900, 1924) უმასპინძლა. პარიზი გახდება მეორე ქალაქი ლონდონის შემდეგ, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა.