მეც და ჩემი გუნდის წევრებიც ძალიან ხშირად დავდივართ ქუჩაშიც, სოფლად, ქალაქად და ზუსტად ვიცით მოსახლეობის განწყობები, რომ მმართველ პარტიას დღეისთვის 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის პერსპექტივა, რომელიც მმართველ გუნდს მათ შორის გამოკითხვებში აქვს, ძალიან მყარ საფუძველს იძლევა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ყველაზე მთავარია ის, რომ ხალხი კარგად ხედავს ძალიან მარტივ არჩევანს მშვიდობის პარტიასა და ომის პარტიას შორის, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური, ევროპული გაერთიანება და ამავე დროს რევანშისტების დაჯგუფებას, ვაი ახალი პარტიებით, სხვადასხვა პარტიული ნომრებით, თუმცა იგივე პერსონებით, იგივე ჯალათებით, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნებას, ქვეყნის არევას და იმ ავანტიურებში ჩართვას ცდილობენ, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სავალალო შედეგები მოუტანა მათ შორის 2008 წელს. ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა და მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახოთ ცხადი რეალობა, დავანახოთ ხალხი, რომელიც ბოლო ორი წელია ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი ხალხი ჩაერთო ძალიან სასტიკ და წაგებულ ომში. ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველა დონეზე ხალხთან გვქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია და ვესაუბროთ იმ გრძელვადიანი სტაბილურობის გეგმაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას მიიყვანს, ერთიან, მთლიან და ევროპულ სახელმწიფომდე. ის პერსპექტივა, რომელიც მათ შორის გამოკითხვებში გვაქვს, ძალიან მყარ საფუძველს გვაძლევს, რომ მივაღწევთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“, - აღნიშნა რიჟვაძემ.