20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციებს ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა.
რეის ცნობით, კრუქსის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას FBI-ის გამომძიებლებმა ამოიღეს კომპიუტერი, რომლის მფლობელიც ტრამპზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე Google-ში ეძებდა პასუხს შეკითხვაზე "რამდენად შორს იყო ოსვალდი კენედისგან?"
საუბარია ლი ჰარვი ოსვალდზე, რომელმაც 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში სნაიპერული ჩასაფრების დროს მოკლა პრეზიდენტი ჯონ კენედი.
FBI-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ სააგენტომ ხელახლა შექმნა კრუქსის მოძრაობებისა და ონლაინაქტივობების დეტალური ქრონოლოგია, მაგრამ მისი მოქმედების ზუსტი მოტივი, ასევე ის, თუ რატომ სცადა ტრამპის მოკვლა, ჯერ კიდევ დაუდგენელია.
მისივე თქმით, მსროლელის ტელეფონში იპოვეს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და სხვა ცნობილი ფიგურების ფოტოები, თუმცა მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ის აქტიურად ეძებდა ინფორმაციას კონკრეტულად ტრამპის შესახებ.
ამასთან რეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.