შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ჯო ბაიდენის განცხადებას საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ.
CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში მან ამერიკის ამჟამინდელ ლიდერს უწოდა "ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში".
ის ასევე დარწმუნებულია, რომ მისთვის უფრო ადვილი იქნება ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის დამარცხება, ვიდრე ბაიდენის, თუ ჰარისი ამ თანამდებობაზე იყრის კენჭს.
თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში ტრამპმა ბაიდენს თაღლითი უწოდა და თქვა, რომ ის არასოდეს იყო შესაფერისი პრეზიდენტობისთვის.
„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის და არც არასდროს ყოფილა! ყველამ მის ირგვლივ, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო. ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას: მილიონობით სრულიად შეუმოწმებელი ადამიანი კვეთს ჩვენს საზღვარს. ბევრი მათგანი ციხიდან, ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან არის, ასევე ტერორისტების რეკორდული რაოდენობაა. ჩვენ ძალიან დავზარალდით მისი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზიანს“, - დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, ის აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე საპრეზიდენტო ვადით გამარჯვებისთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო".
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას უჭერს მხარს და დემოკრატებსაც იგივესკენ მოუწოდებს.