შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, ის აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე საპრეზიდენტო ვადით გამარჯვებისთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო".
ბოლო კვირების განმავლობაში, ჯო ბაიდენი აღმოჩნდა დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მძლავრი ზეწოლის ქვეშ, რათა დონალდ ტრამპთან ჩატარებული "საშინელი" დებატების შემდეგ, მოეხსნა თავისი კანდიდატურა.
მედიის ცნობით, ბაიდენის მიმართ ზეწოლას სათავეში ედგნენ წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი და ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკეთა საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე ცნობილია, ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. დემოკრატებს ცოტა დრო რჩებათ, რათა თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოავლინონ. ყველაზე მაღალი შანსი, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.