გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იცავს ბერლინსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები გერმანიაში დროებით განათავსებს Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებსა და სხვა შორი დისტანციის სისტემებს.
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში", - ციტირებს გერმანული მედია ანალენა ბერბოკის სიტყვებს.
"ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების საშუალებების გაძლიერებით", - თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ ნებისმიერი სხვა ქმედება იქნება "არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო, ცივსისხლიანი და ანგარიშიანი კრემლის წინაშე".
ბერბოკის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობები სურს, თუმცა "პუტინის რუსეთი ამჟამად უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის".
მისი თქმით, ბოლო წლებში კრემლმა უსარგებლო გახადა იარაღის საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაანადგურა პან-ევროპული მშვიდობის არქიტექტურა.
"ამით მოსკოვი "ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს", - დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერლინის და ვაშინგტონის შეთანხმება იარაღის განთავსებაზე
ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ ნატოს ევროპელი პარტნიორების დაცვის გაძლიერების, 2026 წლიდან შეერთებული შტატები გერმანიაში დროებით განათავსებს Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებსა და სხვა შორი დისტანციის სისტემებს. გარდა ამისა, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნახსენებია SM-6 საზენიტო რაკეტები და ჰიპერბგერითი იარაღის ახალი ტიპები, რომლებსაც აქვთ "მნიშვნელოვნად უფრო დიდი დიაპაზონი, ვიდრე ევროპაში არსებულ სახმელეთო სისტემებს".
კრემლი უმალ გამოეხმაურა შეთანხმებას და განაცხადა, რომ რუსეთს "საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად".
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას მოუწევს თავის სამიზნედ განსაზღვროს ის ადგილები, სადაც ეს იარაღი განლაგდება.