გახარია „ლელოზე“ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ კლანს უნდა გამოგლიჯოს, „ლელო“ ამბობს, განმარტებები უნდა მოგვცეს 20 ივნისთან დაკავშირებითო, ამაზე მეტი უმსგავსობა რეჟისორსაც კი არ ექნება აღწერილი ფილმში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე დაუსვეს კითხვა.
„გიორგი გახარიამ „ნაცმოძრაობასთან“კოალიცია უკვე შექმნა – სააკაშვილს გაუხსნა გზა. მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში და პროცესი განევითარებინა. მით უმეტეს, მელიას მხრიდან კანონის აშკარა დარღვევა იყო. ზოგიერთ საკრებულოში მათი თანამშრომლობა აშკარაა. გახარია „ლელოზე“ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ კლანს უნდა გამოგლიჯოს და გადაარჩინოს. „ლელო“ ამბობს, განმარტებები უნდა მოგვცე 20 ივნისთან დაკავშირებითო. ისინი თვალთხარიას ეძახდნენ. ვერც წარმომიდგენია ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი რეჟისორსაც კი ჰქონდეს ფილმში აღწერილი, ასეთი რამ არ არსებობს. ვფიქრობ, ამ ძალების გათამაშება და გადალაგება სწორედ იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, თუმცა არ მგონია, წარმატება ჰქონდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.