აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ „უპასუხისმგებლო“ განცხადებები.
როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ შეფასებდა მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. როგორც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გუშინ გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, არ მიმართონ სპეკულაციებს და არ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები, სანამ ფაქტები არ გვეცოდინება, იმავეს მოვუწოდებდი უცხო ქვეყნებსაც“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს“.
ამასთან, უნდა აღინიშნის, რომ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ ტექსტში კობახიძე "გლობალურ ომის პარტიას" არ ახსენებს.