ამერიკაში რაც დღეს ხდება, შემაშფოთებელია, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკას აქვს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც ამ გამოწვევასაც გაუძლებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პოლარიზაცია რომ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევაა, დადასტურდა, როცა 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა უდიდესი პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაციის დაძლევის მიზნით ხელი მოვაწერეთ „მიშელის შეთანხმებას“. თუმცა, ამ შეთანხმებიდან გავიდა „ქართული ოცნება“, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი ჩვენს ქვეყანაში სწორედ რუსული ხელისუფლება და მათი რეჟიმია, რადგან არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ დეპოლარიზაციისკენ, რასაც ხელი მოაწერეს, იმის შესრულებაზეც უარი თქვეს.
ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკას აქვს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციები, იმის მიუხედავად, რომ ბატონი ზარქუა წუხს, ვერ შედგა ამერიკული დემოკრატიაო. დარწმუნებული ვარ, ბატონი ზარქუას წუხილის მიუხედავად, ამერიკის დამფუძნებელი მამების მიერ შექმნილი დემოკრატიული ინსტიტუციები ამ გამოწვევასაც გაუძლებენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.