ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთის მიმართულებით მფრინავი რუსული რაკეტების ჩამოგდების წინააღმდეგია. მანამდე ამ იდეით უკრაინის ხელისუფლება გამოვიდა, პოლონეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ ვარიანტს განიხილავდა.
უკრაინულ ტელემარეთონში სტოლტენბერგს ამ წინადადების შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
„ნატო-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება. ჩვენ არ ჩავერთვებით ამ კონფლიქტში, ჩვენ არ გავხდებით კონფლიქტის ნაწილი. ანუ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული თვითმფრინავების განადგურებაში, მაგრამ ნატო პირდაპირ არ მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა სტოლტემნერგმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვარშავა განიხილავს მხარი დაუჭიროს თუ არა კიევის იდეას, რომელიც გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ახლახან გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებაში.
„ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. ჩვენი შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ამაზე დავფიქრდებით“, - განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიიდან ლვოვის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე გაშვებული რუსული რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდნენ, 40 წამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში გაჩერდნენ და შემდეგ უკრაინის მიმართულებით შემბრუნდნენ.
სიკორსკის თქმით, ეს არ იყო საკმარისი დრო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის რეაგირებისთვის, მაგრამ კიევის წინადადებამ თეორიულად შესაძლოა, შეეხოს ყველა რუსულ რაკეტას, რომელიც მიფრინავს პოლონეთისკენ დასავლეთ უკრაინის გავლით.
„ჩვენი ქვეყანა ფრონტის ხაზზე მდებარეობს და რუსული რაკეტები არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეცდომით ხდება. ჩვენი დილემა ასეთია: თუ მათ ჩამოვაგდებთ მხოლოდ ჩვენს სივრცეში შესვლისას, ნამსხვრევები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს და ტერიტორიას.
„მაგრამ უკრაინელები ამბობენ: „გთხოვთ, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, გააკეთეთ ეს ჩვენს საჰაერო სივრცეში, როცა პოლონეთის ტერიტორიაზე გადასვლის უშუალო საფრთხე არსებობს“. ვფიქრობ, რომ ეს არის თავდაცვა, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ ამ იდეას“, - განაცხადა სიკორსკიმ.