ამაზე პასუხი და სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„დღეს არის უფრო მრავალფეროვანი მედია, ვნახოთ ტელევიზიების და მედიაკომპანიების რაოდენობა, არის უფრო მრავალპარტიული პარლამენტი და ამისთვის კონკრეტული რეფორმები გატარდა, ეს არის არჩევნები და ეს სიტყვა პირდაპირ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩაწერეს არაერთ ანგარიშში. ბევრი სხვა მიმართულებით, იქნება ეს ბიუჯეტის გამჭვირვალობა, თვითმმართველობის განვითარება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ჩვენი ხელისუფლება საზოგადობასთან ერთად განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების მხრივ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, უზრა ზეიამ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც ზოგიერთი მმართველი პარტიიდან აჟღერებს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას.