ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უზრა ზეიას განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
ბოკუჩავას განცხადებით, აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
„უზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კონკრეტულად დემოკრატიის მიმართულებით და ბუნებრივია მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძირს უთხრის დემოკრატიას, რამაც გამოიწვია ცვლილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ნაცვლად ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, უზრა ზეიამ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც ზოგიერთი მმართველი პარტიიდან აჟღერებს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას.