ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად წასულა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც გეგმავდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
დარჩიაშვილის თქმიტ, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება.
„საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ იმ საფრთხეებთან გამკლავება, შესაბამისად, იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ვფიქრობ, ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები. ჩვენ თანმიმდევრობით, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ გამოვიყენებდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. ვფიქრობ, ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
საქართველოს არცერთი პროცესი არ შეუჩერებია. საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს. საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზნამდე და ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით თუ არის გამოწვევები, შემიძლია, გავიხსენო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან მიმართებიაც გვქონდა სირთულეები, თუმცა გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. მსგავსი ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ძალიან მალე გავხსნით მოლაპარაკებებსაც. მოლაპარაკებები არის ძალიან გრძელი, ძალიან რთული პროცესი, თუმცა გვაქვს მზაობა, რომ საქართველო შეუქცევადად ვატაროთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.