დღეს, 25 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე ლევან ურუშაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - "ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგის" ისტორიის წყაროები".
1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდგომი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების მიერ 1924 წლის დამლევს პარიზში დაფუძნებულ მემარჯვენე პოლიტიკურ ორგანიზაციას "ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგი", რომლის მთავარი იდეოლოგები იყვნენ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწენი: ლეო კერესელიძე, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, კალისტრატე სალია და სხვანი. წარმოდგენილი მოხსნება ეძღვნება "თეთრი გიორგის" ოცდაათწლოვანი ისტორიის წყაროებს, რომლებიც ამჟამად გაბნეულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად დაკარგულია ორგანიზაციის არქივის ის ნაწილი, რომელიც ინახებოდა მიხაკო წერეთელთან.
საქართველოში "თეთრი გიორგის" ისტორიის ამსახველი პირველწყაროები დაცულია თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, სშსს საარქივო სამმართველოს ყოფილი "სუკ"-ის საარქივო ფონდში, საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და რამდენიმე პირად ფონდში.