ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო.
„მინდა, ჩვენს პარტნიორებს, ვთხოვო ყველას, ვინც ასეთ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.