მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძე გულისხმობს ქართველი ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიებაზე შეკრებილების ერთი ნაწილის შეძახილებს, რომლებიც მის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, "კოლექტიურ ნაცებს" ბოღმა ახრჩობთ.
„მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეაქციაც ფეხბურთელებისთვის გაცემულ ჯილდოზე. უკვე დიდი ხანია, მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ „ნაცებს“ ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ „ნაცები“ ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია, კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება.
ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის – ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ლიბერალური ფაშიზმი ვერც საქართველოს და ვერც ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის, რასაც ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა და საქართველოს ყველა პატრიოტი ასე ძლიერ იმსახურებს“, – წერს კობახიძე.