ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და ნორმალურია, ამის საბაბს ჩვენი თამაში აძლევს, შევეცდებით ზრდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს იყო გასაოცარი სამი კვირა. ყოველი დღე იყო განსაკუთრებული ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის და ეს იყო უდიდესი ემოცია ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით, როცა ვხედავდით ქართველ ხალხს ასე გახარებულს, განსაკუთრებით პორტუგალიის თამაშის შემდეგ. დღეს ამდენი ხალხი დაგვხვდა, უდიდესი მადლობა მათ.
გასახდელში ალბათ, ძალიან დიდი ემოცია იყო ჯგუფიდან გასვლის. რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრები არის მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, თამაშობს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ გუნდურობით, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, რომ მოედანზე მაქსიმალურად საუკეთესოდ გამოგვეყენებინა ჩვენი შანსები.
ხალხის იმედები და ხალხის მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და ნორმალურია, ამის საბაბს ჩვენი თამაში და ჩვენი თამაში აძლევს, ეს ძალიან მისასალმებელია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ ზრდა გავაგრძელოთ, განვითარდეთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება," - თქვა კიტეიშვილმა.