ბლინკენის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს ივანიშვილი პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც აქვს მისი გუნდის მიმართ ცივილიზებულ სამყაროს და აშშ-ს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქცირების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება.
-“ბატონი ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ფენს იმ ფაქტს, რომ ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს პოლიტიკას ივანიშვილი და იმ მიდგომას, რომელიც აქვს მისი გუნდის მიმართ ცივილიზებულ სამყაროს და აშშ-ს. ეს პოლიტიკა ეფუძნება ეროვნული ინტერესების ღალატს, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და კონკრეტულ დანაშაულებს, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინა, ამიტომ, რა თქმა უნდა, სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება ივანიშვილის ხელისუფლების სანქცირების პროცესი. რაც შეეხება ძალოვნების სანქცირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ ჩართულები და ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას და არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგებოდა, დადგა და დადგებოდა კიდევაც, რადგან ცივილიზებული სამყარო სხვანაირად არ მოიქცეოდა, რადგან როდესაც გაცხადებულია პოლიტიკური კურსი და ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ვინც ჩართულია საგარეო კურსის ცვლილებაში და დესტაბილიზაციაში, ყველა მათგანი იქნება სანქცირებული, კეთროვანი ცივილიზებულ სამყაროსთვის და აუცილებლად დადგება კონკრეტული პასუხისმგებლობები მათთან მიმართებაში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აგენტების კნონთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ“.