ესპანეთთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ვთქვი, რომ კვარაცხელია ყველა ესპანელზე უკეთესია. რა თქმა უნდა, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ და მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ მე კვარას გულშემატკივარი ვარ, როგორც რიგითი ქართველი
ხვალინდელ შეხვედრას რაც შეეხება, რთულ თამაშს ველოდებით. ვფიქრობ, ესპანეთი თავის სტილს არ უღალატებს, გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს და შემოგვიტევს. ჩვენ კი ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან – დაცვაში უშეცდომოდ და კონტრშეტევაზე – მწვავედ. თუმცა დაცვიდან თამაში არ ნიშნავს, რომ შეტევაში სახიფათოები არ ვიქნებით.
რაც შეეხება ნაჩოს ნათქვამს, რომ ესპანელები ბევრ გოლს გამიტანენ, ვნახოთ, ამას როგორი წარმატებით მოახერხებენ. თუ დაინიშნება პენალტების სერია? მატჩამდე მეტოქის ფეხბურთელებს ვსწავლობ, ასე რომ, ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები“, - თქვა მამარდაშვილმა.