საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.
"კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ აქ ვართ და ისტორიული ქულა მოვიპოვეთ. შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება. ვაგრძელებთ ბრძოლას, პორტუგალიასთან რთული თამაში იქნება, ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ, რა იქნება.
ჩეხეთის ნაკრები შეთამაშებული გუნდია. ისინი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ, ხშირად ცდილობდნენ ჩაწოდებას, ჩვენ ეს ვიცოდით, მეტოქე შესწავლილი გვყავდა. ჩეხეთს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა მამარდაშვილმა.
საბა ლობჟანიძეზე საუბრისას მამარადშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად საბას უნდოდა გოლის გატანა.
"ყველაზე მეტად, ალბათ, მას უნდოდა, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. უნდა გააგრძელოს ვარჯიში, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მომავალში გაიტანს, თავი არ უნდა დახაროს და მისთვის საამაყო მომენტია, რადგან პირველი ქულა მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატზე. სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ლობჟანიძის მომენტი, ჩეხი მეკარე სწორად იდგა, საბამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მოედანზე ამის შესრულება რთულია, ნაკლები დრო გაქვს, ვიდრე ჩანს ტრიბუნიდან. უბრალოდ, ტექნიკურად არ გამოუვიდა შესრულება, თორემ, ჩემი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებდა. იმ მომენტში, შემექმნა განცდა, რომ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ შანსი კიდევ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ“, -თქვა მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუალიას დაუპირისპირდება.