მაშინ, როდესაც კონსტიტუციით პრეზიდენტი არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს, გაცხადებულ საგარეო ვექტორს რუსული ტიპის დეზინფორმაციით და ავტორიტარული მეთოფებით უპირისპირდება, პრეზიდენტის განცხადება და მთავრობასთან ელჩების კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში ქართველ ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, მათ ექნებოდათ კითხები ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტს, კონსტიტუიით აქვს დიდი როლი საგარეო ურთიერთობებში ისევე, როგორც კონსტიტუციური მოცემულობაა, რომ პრეზიდენტის ხელმოწერით ხდება ელჩების დანიშვნა. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციით არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და როდესაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტს, გაცხადებულ საგარეო ვექტორს რუსული ტიპის დეზინფორმაციით და ავტორიტარული მეთოფებით უპირისპირდება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის განცხადება და მათ შორის, ელჩების კომუნიკაცია მთავრობასთან არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში ელჩებს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ, კითხვები იქნებოდა ისევე, როგორც პოზიციების დაფიქსირება, რადგან შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ამდენი წლის განმავლობაში შრომობდე ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ხედავდე „ქართულ ოცნებას“, როგორ ხურავს კარებს ევროპისკენ და ამაზე არ გქონდეს პოზიცია ან კითხვა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.