დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ამბობს, რომ "უცხოური გავლენების აგენტების" შესახებ კანონის განხილვა ბრიტანეთში 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა კანონი დღემდე დამტკიცებული არ არის.
“ 5 წელი გავიდა, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული და ძალაში ჯერ არ არის შესული. შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი დრო დასჭირდა, რამდენი დებატი და დისკუსია იყო საქართველოში კანონის მისაღებად, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები , - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა მედიას განუცხადა.
ბრიტანელი დიპლომატი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები და საჯარო განხილვები სამოქალაქო საზოგადოებასთან და პარტნიორებთან, რაც საქართველოში მას არ უნახავს.
„ამ კანონის მიღმა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების [ოჯახის] მკვლელობა სცადა. ამაზე პასუხის ნაწილი იყო მოსკოვიდან ჩემი გაგდება. პარლამენტმა ეს თავდასხმა გამოიძია და 2019 წელს ანგარიში წარადგინა. 2020 წელს ანგარიში გამოქვეყნდა და პარლამენტმა პასუხი გასცა - ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენ ჯერ არ შეგვიყვანია ძალაში.
ასე რომ, თავდასხმიდან 5 წელი გავიდა, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო სექტორთან დებატების, დისკუსიებისა და კონსულტაციების 5 წელი, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული. გიწვევთ, მითხრათ, რამდენი ხანი და რამდენი დებატები და დისკუსიები იყო საქართველოში თქვენი კანონის შესახებ. ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით ნაკლები”, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.