2023 წლის მთავარი ტრაგიკული მოვლენა თამაზ გინტურის მკვლელობა იყო , ამაზე ტრაგიკული ფაქტი არ მახსენდება, გარდა ფემიციდის ფაქტებისა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"2023 წლის მთავარი ტრაგიკული მოვლენა - ეს იყო თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მოკლეს და ამ ფაქტის შემდგომ, დღემდე არავინ არ დასჯილა. ვიცი, ვინ აღასრულეს ეს, მაგრამ ისინი არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ამაზე ტრაგიკული ფაქტი არ მახსენდება, გარდა ფემიციდის ფაქტებისა. 2023 წელს, ზოგადად, ფემიციდის 24 შემთხვევა იყო, ასევე იყო 27 შემთხვევა, როდესაც მოხდა ქალების დაზიანება ან მათი დასახიჩრება.
პრაქტიკულად, ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც 2023 წელს, ყოველ კვირას ერთ ქალზე მეტს კლავდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ეს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა და ამას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ყველა უწყებასთან გვქონდა საუბარი, რომ ამის პრევენცია არის ნომერ პირველი ამოცანა.
დავუბრუნდები ჩვენი ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს, რომელთა უსაფრთხოების საკითხი, ასევე ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა. ამ მიმართულებით, რეკომენდაციები გაცემულია, მაგრამ ჩემი მთავარი წუხილი უკავშირდება ამ სოფლებში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, ამ სოფლებში, ძირითადად, ხანში შესული ხალხი ცხოვრობს და მოსახლეობის რაოდენობა არის შემცირებული, რაც, ბევრი თვალსაზრისით, არის ძალიან ცუდი, რადგან თუ იქ ადამიანების რაოდენობა შემცირდება, ეს ბუნებრივად გამოიწვევს საოკუპაციო ძალების წახალისებას, რომლებიც ისედაც არ ერიდებიან ბორდერიზაციის პროცესს. თუ ჩვენ დავცლით, მივატოვებთ ამ საცხოვრებელ ადგილებს, ბუნებრივია, მას დაიკავებენ სხვები. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ შექმნას პროგრამები, სამოტივაციო ინსტრუმენტები, რათა ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, დარჩნენ და ახალგაზრდები დაბრუნდნენ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.