„ჯივიპის“ აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში, ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, ის აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვთხოვთ აღნიშნულ კომპანიას მათი ქსელის მოწესრიგებას და ახალი პროექტების განხორციელებას. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, პირველი მოთხოვნა, რაც გვაქვს, არის ქსელის მოწესრიგება, განახლება. კომპანია მოგვყვება, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს და ამიტომაც ეს სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, მათი მხრიდან ხშირია მოთხოვნები სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ სხვა ლოკაციებზე დამატებითი სამუშაოების ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, პრობლემაა, პირველ რიგში, გადაადგილებისა და საცობების შექმნის თვალსაზრისით. ამიტომ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება, რათა ქსელი განახლდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.