სავიზო შეზღუდვები როდესაც გვარების დასახელების გარეშე წესდება, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს.
„აშშ-მა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები. თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის. ასე არ შეიძლება, ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის, რეალურად, ნულოვანი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.