სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის შეფასებით, ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
"თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგალითად, მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, "სიმართლის" სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში და აღნიშნულის საპროტესტოდ, აქვე აღნიშნულია, რომ "ღმერთის გზით მავალი ადამიანები თავმდაბლობასთან ერთად, უნდა ესწრაფვოდნენ მოიპოვონ მადლი, რასაც წმიდა გრიგოლ პალამა ხელთუქმნელი ენერგია უწოდა".
"ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს... ღვთის ამ წყალობით აღვსების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს, _ ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ქალსაც და მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც, ოღონდ, ეს გულით უნდა მოვინდომოთ და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განვამშვენოთ ჩვენი ცხოვრება", - ამბობს უწმინდესი.