"ჩვენი დაუძინებელი მტერი, - ბოროტი სული (რომელიც თავდაპირველად ნათლითმოსილი ანგელოზი იყო), ამპარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო, რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებ სიკეთეთა მითვისებაა და ღმერთთან გატოლება მოინდომა", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.
უწმინესის შეფასდებით, "ადამი და ევაც ბედნიერად ცხოვრობდნენ სამოთხეში, მაგრამ ამპარტავნების გამო, ეშმაკის მიერ ცდუნებულებმა, ღმერთობა ისურვეს; დაივიწყეს უფლის მცნება, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და მკაცრადაც დაისაჯნენ"
"მათ მაშინვე დაკარგეს მადლი შემოქმედთან სიახლოვისა, დაკარგეს სამოთხე და როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავალნიც ხრწნილებასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ. ამპარტავნება - ეს არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ღმერთთან ჩვენი მიახლებისა", - აცხადებს უწმინდესი.
გარდა ამისა, ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ამპარტავნებაზე საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ "თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს".
"მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი, პირველ რიგში, მის საპირისპირო სათნოებებს აუკუღმართებენ. მაგალითად სიძვა - სიწმინდეს, შური - სიყვარულს, ნაყროვანება - თავშეკავებულობას და ა.შ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება დაძლიოს ყველა ცოდვითი მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ეს თუ ის ვნება აღარ აწუხებს, მაგრამ ამას ვერასოდეს იტყვის ამპარტავნების შესახებ; მან ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაგვიგოს მახე და მსწრაფლ განაქარვოს წლების მანძილზე ჩვენი ღვაწლით მოპოვებული მადლყ", - ნათქვამია ეპისტოლეში.