პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება -ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა.
ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს," - წერია განცხადებაში.
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.