სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განმარტებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარდგინებით ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მიმართეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას. მინდა, მთელი გულით ვუსურვო მათ გამარჯვება და წარმატება ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.