ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმიანება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მადლობა ჩინეთის მიმართ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს.
"საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად, ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი.
სხვათა შორის, ივანიშვილის რეჟიმის დროს, 2022 წელს მან წინააღმდეგ მისცა ხმა და ბოლო ორი წელია ისევ, მხარს არ გვიჭერს და აქედან ჩანს, რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც გამოცვლის გარდა არაფერი უშველის".- აცხადებს ბოკერია.
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ქვეყნებს შორის, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, არის ჩინეთიც.