2011 წლიდან თბილისის ზოოპარკში მარტოხელა ცხოველებზე იზრუნებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ზოოპარკის სამეცნიერო დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა აცნობა.
მისი თქმით, დღემდე ზოოპარკში მარტოდმარტოდ ბინადრობს ვეფხვი, ავაზა და ველის ტაპირი (ჩლიქოსანი ცხოველი სამხრეთ ამერიკიდან).
"წინასწარ ვერ გეტყვით, თუ რამდენად განხორციელდება ჩვენი ჩანაფიქრი. ჩვენთვის უცნობია, რომელი ზოოპარკი შეელევა და გაყიდის ამ ცხოველებს. თუმცა ჩვენი სურვილია, ველის ტაპირს დედალი მეწყვილე ჩამოვუყვანოთ,"_ აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, ასევე, დასაწყვილებელია მათ ზოოპარკში მობინადრე მამალი კავკასიური ირემი, დედალი უსურიის ვეფხვი, მამალი აზიური ლეოპარდი და სხვა.
სამომავლოდ, ასევე, იგეგმება, რომ ზოოპარკს შეემატებიან აქლემები. დავით თაქთაქიშვილის თქმით, ზოოპარკში დღემდე მობინადრე აქლემები ასაკის გამო დაიხოცნენ.
შეგახსენებთ, თბილისის ზოოპარკში ცხოველების 251 სახეობა ბინადრობს.
გასულ წელს ზოოპარკს შეემატა უსურიის ვეფხვი, ლეოპარდი, თეთრი ლომი და იაგუარი.