გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ფიქრობს, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს გერმანიიდან მიწოდებული იარაღით, ესკალაციას არ გამოიწვევს.
”როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ დიდი ქალაქის, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, - განაცხადა შოლცმა რადიო Antenne Bayern-ის ეთერში.
კანცლერმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად.
ამავდროულად, შოლცმა დაარწმუნა გერმანიის მოქალაქეები, რომ არასოდეს დაუშვებს მასზე ზეწოლას „არასწორი და არადროული გადაწყვეტილებების მიღებაზე“.
პარასკევს, 31 მაისს, გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად.
მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებერშტრაიტმა განმარტა ბერლინის პოზიციის ცვლილება ხარკოვის რეგიონში გახშირებული რუსული არმიის თავდასხმებით, რომლებიც "მომზადებული, კოორდინირებული და განხორციელებული" იყო რუსეთის საზღვრის მიმდებარე პოზიციებიდან. „უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, - აღნიშნა ჰებერშტრაიტმა.
იგივე უფლება კიევს მისცა შეერთებულმა შტატებმა და არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაძლოა "ფატალური შედეგები მოჰყვეს".