„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცებით, ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს დაეცვათ თავიანთი პოზიცია და „გააკეთეს არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არტემ ტუროვმა განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე გავლენა ვერ მოახდინოს გარე ძალებმა, რათა ის განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ამას დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ.
ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ, რომ მათ დაიცვეს თავიანთი პოზიცია და გააკეთეს არჩევანი თავიანთი ქვეყნის შემდგომი განავითარებისთვის“, - განაცხადა ტუროვმა.
რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებს, უნდა მიეცეთ უფლება, მოიქცნენ ისე, როგორც „პრო-ქართული პოლიტიკოსები და არა პროდასავლური“.
„და ჩვენ ვიცით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში, ეს არის რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც, პირველ რიგში, ფინანსდება, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან, სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან. და სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ძალიან აქტიურად ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე“, - აღნიშნა ტუროვმა.