ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა, არავინ არ არის გამოკითხული, არავინ არ არის დაკავებული. წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები და ახლა ამბობენ, რომ თითქოს კამერის ჩანაწერებს არ ვაძლევთ,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ლაშა ფარულავას განცხადებით, იმედი არ აქვთ, რომ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმას გამოიძიებს.
„ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა, არავინ არ არის გამოკითხული, არავინ არ არის დაკავებული. ცხადია, ეს ბანდიტური ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, კობახიძემ, ღარიბაშვილმა, კალაძემ, ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები. ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის ბატონი სამხარაძეც არის ამ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული და ცხადია, თავის თავს არ დაიჭერენ. ახლა ამბობენ, რომ კამერის ჩანაწერებს არ გვაძლევენო და ყველამ კარგად ვიცით, რომ მტკიცებულებებს აქვს თავისი სამართლებრივი წესი, სჭირდება მოსამართლის განჩინება და თუ მოიტანენ განჩინებას, ვინ არის წინააღმდეგი?! პირიქით, ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ კეთილსინდისიერ, პატიოსან გამომძიებლებს, რომ აქედან ყველაფერი წაიღონ და გავატანეთ კიდევაც. თუ უნდათ გამოძიება შეუძლიათ გამოიძიონ, თუ უნდათ კონკრეტული ადამიანების დაკავება, შეუძლიათ ეს ადამიანები დააკავონ „ქართული ოცნების“ ოფისებში.
არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ივანიშვილის ბანდისგან. ეს არის შეიარაღებული ჯგუფი ქვებით, შუბებით, რკინის ნაჭრებით და ნებისმიერ განსხვავებული პოზიციის ადამიანს, დემოკრატიულ ძალებს თავს ესხმიან. ეს ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი თბილისში დათარეშობს და ცხადია, თავის თავს არავინ არ დაიჭერს, ამიტომ ჩვენ გამოძიებისგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა ის მატერიალური მტკიცებულებები, რომელიც გამოძიების ფარგლებში არის მოპოვებული, იქნება საშუალება იმისთვის, რომ როცა დავამარცხებთ რუსულ მთავრობას, ჩვენ გამოვიძიებთ და ყველას კანონის წინაშე დავსჯით.
წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები, მხოლოდ ეს წაიღეს და რაც შეეხება ვიდეო კამერების ჩანაწერებს, ამას თავისი წესი აქვს, უნდა მოიტანონ მოსამართლის განჩინება.“ -განაცხადა ლაშა ფარულავამ.