ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართველი ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის დამსახურებაა, რომ ჩვენი მოკავშირეების მხრიდან მკაცრი რეაქცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის დონეზე ავიდა.
მისივე თქმით, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი პროტესტის გაგრძელებისა და გაღრმავების პარალელურად.
„ამავდროულად ეს ყველაფერი არის შეხსენება იმისა, თუ რამდენად სამარცხვინო, უტიფარი და ბრიყვული იყო მმართველი გუნდისა და მათთან აფილირებული ფსევდოოპოზიციური ჯგუფების განცხადებები, როცა თქვეს, რომ ერთი კონგრესმენის, ვილსონის როლი არ გადავაჭარბოთო.
რეალურად, ჩვენს ადგილობრივ პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე წამოსული წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო ამოცანამდე - ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნილია: „პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის“.