რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის თვითგამოცხადებული ხელისუფლებები ეხმიანებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან 26 მაისის ღონისძიებაზე გააკეთა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებაა" 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად".
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები - "დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, სახელმწიფოებრიობის განვითარება და განმტკიცება".
"30 წელია ჩვენი დაბრუნება უნდათ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, რა თქმა უნდა, ვის უკვირს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და აქ ჩვენთვის ახალი არაფერია", - განაცხადა შამბამ.
"ჩვენ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას", - დასძინა მან.
სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ აფხაზმა პოლიტიკოსმა, მისმა ძმამ ტარას შამბამ, ომის წინა დღეს, შესთავაზა შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობების კონფედერალურ მოდელს და იმ დღეს, როდესაც ის აფხაზეთში უნდა განხილულიყო. პარლამენტში ომი დაიწყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო. ე.წ. სამინისტროს განცხადებით, "საქართველოსთან შეერთებაზე საუბარი სრულიად შეუფერებელი და უადგილოა".