„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.
„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, ხომ არ არის ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა მათი მხრიდან, კახა კალაძე პასუხობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.
„ბოლო წლებში ჩვენ ამ ტიპის არაერთი განცხადება მოგვისმენია. ჩვენ მხოლოდ მეგობრობას, პარტნიორობას და ჯანსაღ ურთიერთობებს მივესალმებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამ ყველაფრის საპირისპიროა. ეს ქმედებები არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. რასაც აკეთებენ ახლა ამ სანქციების სახით, გამოდის, რომ ჩვენ მათი მეგობრები კი არა, მტრები ვართ. ვფიქრობ, ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.