მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი გამონათქვამების გაჟღერება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განუცხადა TV იმედს უმრავლესობის დეპუტატის, სალომე ქურასბედიანის კრიტიკასთან დაკავშირებით.
„კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამუნათება, ე.წ დაბულინგება განსხვავებული პოლიტიკური თუ ნებისმიერი მოსაზრების გამო, მითუმეტეს, როცა საუბარი არის ქალებზე, იმ პირობებში, როცა ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ბევრ სირთულესთან გამკლავება, ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი გამონათქვამების გაჟღერება“, - თქვა ლევან იოსელიანმა.