აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვი დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ფინალურ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ, თურქ, ტაჯიკ და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს სძლია.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. აქამდე ოქრო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოიპოვა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბრინჯაო კი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა ვერცხლი მიიღო, გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მსოფლიოს პირველობა საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრებმა კი მესამე ადგილზე დაასრულა.