საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰარჩინსკის განცხადებით, "აგენტების კანონს" და მის ირგვლი მიმდინარე პროცესებს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს.
"ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი პრობლემა არ არის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს.
მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა", - ამბობს ჰერჩინსკი.
ევროკავშირის ელჩმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კანონის არსებული ფორმით მიღებას, ევროკავშირიდან რეაგირება მოჰყვეს.
"როგორც ვიცი, ამ დროისთვის არ არის საუბარი საქართველოს, ან რომელიმე პირის მიმართ სანქციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს დადგეს დღის წესრიგში, თუმცა არ არის ამ მომენტში.
ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის არის ის, რომ ჩვენი სანქციები მიიღება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთხმად. ასე რომ, იმისთვის, რომ ჩვენ დავთანხმდეთ ვინმეზე სანქციების დაწესება და ჩვენს შემთხვევაში, საუბარია აქტივების გაყინვაზე, საჭიროა 27-ივე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება", - თქვა ჰერჩინსკიმ.