იურისტი ოთო კახიძე განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, თუ ისინი პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
კახიძის განმარტებით, გაოკითხვა ნებაყოფლობითია და გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოსაკითხად დაბარებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას პოლიციაში ან პროკურატურაში გამოცხადებაზე.
"დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
მას ასევე უფლება აქვს, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.
კანონის ამ მოთხოვნების დარღვევით ჩატარებული გამოკითხვის ოქმს იურიდიული ძალა არ აქვს.
გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი შეიძლება დაიბარონ მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად.
კანონით დადგენილი წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა.
სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით.
გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს.
დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება.
დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე უნდა შეწყდეს და მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.
მოწმეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით", - წერს კახიძე.