"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია აცახდებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონში ცვლილებები ჩუმად, ყოველგვარი განხილვისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დისკუსიების გარეშე შეიტანა.
მისი თქმით, ანრი ოხანაშვილმა საშინელი, ინკვიზიციური სხდომა ჩაატარა.
„ისტორიას დარჩება შავი მაგალითი, თუ როგორ გადაიქცა იურიდიული კომიტეტი რუსეთის დუმის ფილიალად", - განაცხადა ბესელიამ ტვ პირველის გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში".
„ეს არის კონსტიტუციისა და პროცედურის დარღვევა. ისე დაამატეს, რომ არ გაუვლია განხილვა, კომიტეტი, არ მომხდარა დისკუსია და სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თან ეს არ არის მხოლოდ მუხლობრივი განხილვა, ეს მათ შორის, პრინციპულ საკითხსაც ეხება. ფიზიკურ პირს შეეხება თუ არა, ეს პრინციპული საკითხია. ეს არის უხეში დარღვევა კანონის მიღების წესის. ვენეციის კომისიას გაუგზავნეს სხვა ვერსია. ევროპის საბჭოს ოფისი, რომელიც უგზავნის ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტს, უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან უნდა გაიგზავნო ის ვერსია, რომელიც ახლა ასე ვერაგულად მიიღეს და ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს", - თქვა ბესელიამ.