მომღერალი ირმა სოხაძე, აცხადებს, რომ post tv-ზე მისი გადაცემა არ დაუხურავთ - მან tv pirveli.ge-ს განუცხადა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გასართობი გადაცემის "დროებით გაჩერების ინიციატორი თავად იყო".
„არავის არაფერი დაუხურავს, ეს გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე, მიმაჩნია, რომ ახლა უნდა გავაჩეროთ ეს გადაცემა, მერე რა იქნება, დამიხურავენ, მე თვითონ დავხურავ, წამოვალ თუ სხვა რამე მოხდება, გეუბნებით, ეს ჩემივე გადაწყვეტილებაა. საქართველოში არ არის ის დრო ასეთი გადაცემა - გასართობი, მხიარული წავიყვანო"- ამბობს მომღერალი.
რაც შეეხება რუსული კანონის შესახებ მის მიერ დაფიქსირებულ აზრს, ტელესახე აღნიშნავს, რომ ის იმავე აზრზე რჩება და ეს პოზიცია არხის ხელმძღვანელობისთვის უცხო არასდროს ყოფილა.
ჩემი პოზიცია იცის ყველამ, ტელევიზიაში, ჩემს ოჯახში და სამეგობროში. მე ვერ გავიგე ამ კანონის აუცილებლობა და მიმაჩნია, რომ აღელდა დალაგებული ქვეყანა. ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იყო სრულიად უდროო, რადგან ძალიან დიდი ვნებათაღელვა და გახლეჩა გამოიწვია. ამ ფონზე, რატომ გიკვირთ, რომ გასართობი გადაცემა უნდა შეჩერდეს ახლა"- აცხადებს ირმა სოხაძე.
მისი თქმით, კანონის მიღებას შარშანაც არ ემხრობოდა და ეს "პირდაპირ ეთერში" განაცხადა.
შარშან მოვეფერე ახალგაზრდებს, კანონი რომ გაიტენეს, ვთქვი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მართალი გითხრათ, წელსაც ველოდე იმავეს. მე ჩემი აზრი მაქვს და არავინ მიშლის მის დაფიქსირებას...
ჩემი ინტერვიუ (უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება) ახალი არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ მეჩვენება და მგონია, რომ ამ კანონს აქვს შესაძლებლობა, ძალიან ბევრი უბედურება მოიტანოს, ამიტომ მეშინია, ამიტომ არ მინდა "- დასძინა სოხაძემ.